8 ბრწყინვალე შეშლილი, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი იდეები აჩუქეს

წერის ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედის ცხოვრება ადამიანის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის – ცნობიერების დაზიანების დიდ რისკთანაა დაკავშირებული. შორიდან რა მარტივიც უნდა მოჩანდეს დიდებისკენ მიმავალი გზა, მასზე თითქმის ყოველთვის გადააწყდებით მანამდე შეუცნობელსა და აკრძალულს, არაერთ გიჟურ თანამგზავრს.
წარმოგიდგენთ რვა შეშლილს, რომლებმაც არა მხოლოდ ბრწყინვალე ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, არამედ ათწლეულებით გაუსწრეს თავის დროს და მომავალი თაობების მწერალთათვის შთაგონების წყაროდაც იქცნენ.

 

პაციენტი #1: ედგარ ალან პო (ამერიკელი მწერალი და პოეტი, 1809-1849წ.)

poe

დიაგნოზი: ფსიქიკური აშლილობა. ზუსტი დიაგნოზი დასმული არაა.

სიმპტომები: სიბნელის შიში, მახსოვრობის დაკარგვა, დევნის მანია, არაადექვატური ქცევა, ჰალუცინაციები.

ავადმყოფობის ისტორია: 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ ალან პოს დეპრესიის შეტევები გაუხშირდა. გარდა ამისა, ის ალკოჰოლური სასმელების ჭარბ დოზასაც გაუშინაურდა, რაც, რასაკვირველია, კარგად არ ასახულა მის მდგომარეობაზე: სასმელის ზემოქმედების გამო მწერალს ზოგჯერ სიგიჟე მოუვლიდა. დასალევს მალე ოპიუმიც შეემატა. პოს სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებით ახალგაზრდა მეუღლის, ვირჯინიას ავადმყოფობამ დაამძიმა (მან თავის ნათესავზე, ცამეტი წლის ვირჯინიაზე იქორწინა. ქორწინებიდა შვიდი წლის შემდეგ მეუღლე ტუბერკულოზით დაავადდა, კიდევ ხუთი წლის შემდეგ კი ავადმყოფობამ საბოლოოდ იმსხვერპლა). ვირჯინიას გარდაცვალების შემდეგ – თავად პოს უკვე მხოლოდ ორი წლის სიცოცხლეღა დარჩენოდა – მას კიდევ ჰქონდა ქორწინების ორი მცდელობა, მაგრამ ორივე უშედეგოდ დასრულდა. პირველ შემთხვევაში მიზეზი საპატარძლოს უარი გახდა, რადგან ის შეესწრო ედგარის ერთ-ერთ შეტევას და ნანახით შეშინებულმა აღარ მოისურვა ცოლად გაჰყოლოდა მწერალს. მეორეჯერ კი თავად სასიძო გაქრა: ქორწინებამდე მცირე ხნით ადრე პო უგონოდ გამოთვრა. ხუთი დღის შემდეგ ის ბალტიმორის ერთ იაფფასიან ტრაქტირში იპოვეს. მწერალი მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ჰალუცინაციებისგან ხუთდღიანი ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა. პოს ერთ-ერთი კოშმართაგანი, რომ სიკვდილისას მარტო იქნებოდა, ახდა. მანამდე არაერთი ნაცნობისგან მიიღო დაპირება, რომ უკანასკნელ საათებს მასთან გაატარებდნენ, მაგრამ 1849 წლის შვიდი ოქტომბრის ღამის სამ საათზე ახლომახლო არავინ აღმოჩნდა. სიკვდილის წინ პო სასოწარკვეთით მოუხმობდა ჯერემი რეინოლდსს, ჩრდილოეთ პოლუსის მკვლევარს.

ნაჩუქარი იდეები: პო ორი უპოპულარესი თანამედროვე ლიტერატურული მიმდინარეობის მამამთავრად მიიჩნევა. პირველი საშინელებათა რომანი (ან მოთხრობა) გახლავთ. მწერალზე უდიდესი გავლენა ჰოფმანმა მოახდინა, თუმცაღა ჰოფმანისეული პირქუში რომანტიზმის გამოყენებით პირველად სწორედ პომ გამოძერწა ნამდვილი კოშმარი (გული-გამთქმელი, ეშერთა სახლის დაცემა). რაც შეეხება მეორე ჟანრს, ეს დეტექტივია. სწორედ პოს მოთხრობების გმირი, ბატონი ოგიუსტ დიუპენი გახდა დედუქციური მეთოდისა და მისი მიმდევარის, სახელგანთქმული მაძებრის, შერკოლ ჰოლმსის დიდი წინაპარი.

 

პაციენტი #2: ფრიდრიხ ნიცშე (გერმანელი ფოლოსოფოსი, 1844-1900წ.)

nietzsche

 

დიაგნოზი: შიზოფრენია. ბიოგრაფიათა უმეტესობაში მოყვანილია სხვა დიაგნოზი – აკვიატებული აზრებით შეპყრობა.

სიმპტომები: განდიდების მანია (დროდადრო გზავნიდა წერილებს ტექსტით: „ორ თვეში ამ პლანეტის პირველი კაცი გავხდები“; მოითხოვდა კედლებიდან ნახატების ჩამოხსნას, რადგან მიაჩნდა, რომ მისი ბინა „ტაძარი“ იყო); განსჯის უნარის დაკარგვა (ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მგზავრობა იმის გამო შეფერხდა, რომ იგი შუა გზაში იდგა და ცხენს ეხვეოდა); ძლიერი თავის ტკივილი; არაადექვატური ქცევა. ნიცშეს სამედიცინო ჩანაწერებში შემონახულია ცნობები, რომ ავადმყოფობის შეტევისას ფეხსაცმელიდან საკუთარ შარდს სვამდა, გაუგებრად ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯს ბისმარკად მიიჩნევდა, დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევებით კარებთან ბარიკადების გამართვას ცდილობდა, საწოლის გვერდით, იატაკზე ეძინა, თხასავით დახტოდა და სახეს მანჭავდა.

ავადმყოფობის ისტორია: ნიცშემ რამდენიმე აპოპლექსიური დარტყმა (ინსულტი) გადაიტანა; სიცოცხლის უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მენტალური აშლილობა დასჩემდა (დროის ამ მონაკვეთში გამოჩნდა მისი ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებები, მაგალითად, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“) და ამ ოცი წლიდან თერთმეტი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სახლში კი დედა უვლიდა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა – სიცოცხლის ბოლო ხანებში მხოლოდ უმარტივესი ფრაზების წარმოთქმასღა თუ ახერხებდა.

ნაჩუქარი იდეები: ზეადამიანის არსი (რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, თავისუფალი, მორალზე მაღლა მდგომი, სრულყოფილი და სიკეთე-ბოროტების ცნებებს მიღმა მოარსებე პიროვნების შემოქმედი სწორედ ეს თხასავით მოხტუნავე და მანჭია კაცი გახლავთ); იდეა ახალი მორალის შესახებ (უფლის მორალი მონის მორალის სანაცვლოდ): ჯანსაღი მორალი უნდა ამტკიცებდეს ძალაუფლებისადმი ჭეშმარიტ მისწრაფებას, ყველა სხვაგვარი მორალი კი განწირულია მარცხისთვის; ფაშიზმის იდეოლოგია: ავადმყოფები და სუსტები უნდა მოკვდნენ, მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ („თუ ვინმე ვარდება – უბიძგე, დავარდეს!“); ღმერთის კვდომის იდეა.

 

პაციენტი #3: ერნესტ ჰემინგუეი (ამერიკელი მწერალი, 1899-1961წ.)

hemingway

დიაგნოზი: მწვავე დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები.

სიმპტომები: თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, დევნის მანია, ნერვული აფეთქებები.

ავადმყოფობის ისტორია: 1960 წელს ჰემინგუეი კუბადან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. გახშირებული დეპრესია, შიშები და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა მწერალს ტანჯავდა და მუშაობის საშუალებას აღარ აძლევდა, ამიტომ ის საკუთარი ნებით დათანხმდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლას. იქ მან ელექტროშოკის 20 სეანსი გადაიტანა, რაზეც მოგვიანებით წერდა: „ექიმებს, რომლებიც ამ პროცედურას მიტარებდნენ, საერთოდ არ ესმით მწერლების. რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის განადგურებასა და მეხსიერების წაშლას, ჩემი უმთავრესი კაპიტალის წართმევასა და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას? მკურნალობის მეთოდი ნამდვილად ბრწყინვალე იყო, თუმცა ამით პაციენტებს თავადვე კარგავდნენ“. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ჰემინგუეი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძველებურად წერას ვეღარ შეძლებდა და თვითმკვლელობის პირველმა ცდამაც არ დააყოვნა, თუმცა ახლობლებმა დროულად მოახერხეს მისი შველა. ცოლის თხოვნით, მკურნალობის განმეორებით კურსს მიმართა, მაგრამ ვერც ხელახალმა პროცედურებმა ააღებინეს ხელი განზრახვაზე – გამოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ გულდასმით დატენა თავისი საყვარელი ორლულიანი თოფის ორივე ლულა და თავი მოიკლა.

ნაჩუქარი იდეები: დაკარგული თაობის იდეა. თავისი თანამედროვის, რემარკის მსგავსად, ჰემინგუეიც ამ ტერმინის ქვეშ კონკრეტული ომით დაზარალებულ თაობას მოიაზრებდა, თუმცაღა ტერმინი ძალიან მიმზიდველი და მაცდური გამოდგა და იმ დროიდან მოყოლებული ყველა თაობა ახერხებს მონახოს მიზეზები, რომელთა გამოც თავს დაკარგულად ჩათვლის. ახალი ლიტერატურული ხერხი, „აისბერგის მეთოდი“ – ასეთ დროს ძუნწი, განზრახ შემოკლებული ტექსტის ქვეშ დიდებული, სულისშემძვრელი ქვეაზრია დამალული. ახალი ტიპის „მაჩიზმი“, რომლის მიმდევარი ჰემინგუეი არა მხოლოდ ლიტარატურაში, პირად ცხოვრებაშიც იყო. ჰემინგუეისეული გმირი სიტვაძუნწი და კუშტი მებრძოლია, რომელიც იაზრებს, რომ ბრძოლა ამაოა, მაგრამ მაინც ბოლო წვეთამდე ომობს. მისეულ გმირთაგან ყველაზე უკომპრომისო მაჩოდ შეგვიძლია მეთევზე სანტიაგო მივიჩნიოთ, „მოხუცი და ზღვა“-დან, რომლის პირითაც დიდმა ჰემმა თავისი ხედვა გაამჟღავნა: „ადამიანი იმისთვის როდია გაჩენილი, მარცხს შეურიგდეს. შეიძლება კაცი გაანადგურო, მაგრამ მაინც ვერ დაამარცხო“. აი, თავად ჰემინგუეიმ კი – მონადირემ, ჯარისკაცმა, სპორტსმენმა, მეზღვაურმა, მოგზაურმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, კაცმა, რომლის სხეულის ყველა ნაწილი ნაიარევებით იყო დაფარული – ბევრის გასაკვირად, ბოლომდე ბრძოლაზე უარი თქვა, თუმცაღა თავისი შეხედულება მას არასდროს შეუცვლია. „კაცს არ აქვს ლოგინში სიკვდილის უფლება, – წერდა ის. –  ან ომისას უნდა მოკვდე, ან საკუთარი ხელით დაიჭედო ტყვია შუბლში“.

 

პაციენტი #4: ფრანც კაფკა (ჩეხი მწერალი, 1883 — 1924წ.)

kafka

დიაგნოზი: მკვეთრად გამოხატული ნევროზი, სულიერი სიძაბუნე (ფსიქასთენია), არაპერიოდული დეპრესიული ფონი.

სიმპტომები: მკვეთრი აგზნებადობისა და სრული აპათიის მონაცვლეობა, ძილის დარღვევა, გადამეტებული შიშიანობა, ინტიმურ სფეროსთან დაკავშირებული ფსიქოსომატური დარღვევები.

ავადმყოფობის ისტორია: კაფკას ფსიქიკურ დარღვევათა ფესვები მამასთან კონფლიქტში, ოჯახთან რთულ ურთიერთობასა და აბურდულ სასიყვარულო ისტორიებში უნდა ვეძიოთ. ახალგაზრდა მწერლის წერისკენ სწრაფვას ოჯახი სიხარულით არ შეხვედრია, ამიტომ კაფკას ჩუმად უწევდა წერა. „ამ ჩემი საშინელი, გაორებული ცხოვრებიდან – წერდა ის თავის დღიურში. – შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი სიგიჟეა“. როცა კაფკას მამამ შვილს მოთხოვა, სისულელეების კეთებას შეეშვი და ჩემს მაღაზიაში იმუშავეო, ფრანცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ახლო მეგობარს, მაქს ბროდს, გამოსათხოვარი წერილიც დაუწერა. „ბოლო წამს სრულიად უცერემონიოდ ჩარევამ და „მზრუველი მშობლებისგან მისმა დახსნამ მომიწია“ – წერს ის კაფკას შესახებ შექმნილ წიგნში. კაფკას ცხოვრებაში მონაცვლეობდნენ ღრმა და სრული სიმშვიდის ხანგრძლივი მონაკვეთები და არანაკლები ხანგრძლივობის, მძაფრი ფსიქიკური აშლილობის პერიოდები. მის „დღიურში“ კარგადაა ასახული მთელი შინაგანი ბრძოლა: „დაძინებას ვეღარ ვახერხებ. მხოლოდ ხილვები დამჩემდა, სიზმრებს კი ვეღარ ვხედავ. მთელი ჩემი შინაგანი არსება საშინელ მერყეობას მოუცავს. ამაზრზენი სამყარო, რომელსაც ჩემს თავში ვატარებ. როგორ გავთავისუფლდე ისე, რომ არაფერი დავაზიანო?“. მწერალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. უკანასკნელი სამი თვე აგონიაში გაატარა: მხოლოდ სხეული კი არა, გონებაც კვდებოდა.

ნაჩუქარი იდეები: სიცოცხლეში კაფკა ცნობილ მწერლად არ უღიარებიათ და იშვიათად თუ ბეჭდავდნენ მის ნაწარმოებებს, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მწერლის ახლებურმა ლიტერატურულმა სტილმა მკითხველებისკენ თითქოს გზა გაიკაფა. კაფკასეული სამყარო თავისი სასოწარკვეთილებით, გარდაუვალობითა და მთელი საშინელებით თავად შემქმნელის პირადი ცხოვრების დრამით იყო ნასაზრდოები. საბოლოოდ კი ახალი მიმდინარეობის საფუძველიც გახდა. „ლიტერატურა დიაგნოზით“ მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი მანერაა, რომელშიც აღწერილია, რას განიცდის პიროვნება, რომელმაც დაკარგა ღმერთი, სანაცვლოდ კი მიწიერი ყოფის აბსურდულობა ერგო.

 

პაციენტი #5: ჯონათან სვიფტი (ირლანდიელი მწერალი, 1667-1745წ.)

swift

დიაგნოზი: სპეციალისტები დღემდე დაობენ, პიკის დაავადება თუ ალცჰეიმერისა.

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა, გარემომცველი საგნებისა და ადამიანების ცნობის უნარის დაქვეითება, საუბრიდან აზრის გამოტანის უნარის დაქვეითება.

ავადმყოფობის ისტორია: ზემოთჩამოთვლილ სიმპტომთა თანდათან გამწვავებამ სიცოცხლის ბოლოს გონებასუსტობა გამოიწვია.

ნაჩუქარი იდეები: პოლიტიკური სატირის ახალი ფორმის შექმნა. „გულივერის მოგზაურობა“ სულაც არაა პირველი ისეთი ნაწარმოები, რომელშიც იმდროინდელი ვითარებისადმი საქმეში ჩახედული ინტელექტუალის სარკასტული ხედვაა გადმოცემული, მაგრამ ამ შემთხვევაში ნოვატორობა ხედვაში კი არა, ოპტიკაშია. მაშინ, როცა სხვა დამკვირვებლები სამყაროს გამადიდებელი შუშიდან ან ტელესკოპიდან უმზერდნენ, წმინდა პატრიკის ეკლესიის დეკანმა იმავე საქმისთვის ოდნავ გამრუდებული ლინზა შექმნა. შემდგომში იმავე ლინზამ მხატვრული სიტყვის უამრავი ოსტატის ხელში ჰპოვა ფართო გამოყენება.

 

პაციენტი #6: ჟან-ჟაკ რუსო (ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, 1712-1778წ.)

russo

დიაგნოზი: პარანოია.

სიმპტომები: დევნის მანია.

ავადმყოფობის ისტორია: ეკლესიასთან და მთავრობასთან მომხდარი განხეთქილების შედეგად (1760-იანი წლების დასაწყისი. დაპირისპირება მოჰყვა გახდა რუსოს წიგნის „ემილი, ანუ ახალი აღზრდა“-ს გამოქვეყნებას) რუსოსთვის ისედაც დამახასიათებელმა ეჭვიანობამ ავადმყოფური ფორმები მიიღო. მას ყველგან შეთქმულება ელანდებოდა. მოხეტიალის ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთ ადგილას დიდი ხნით არასოდეს ჩერდებოდა, რადგან ეჭვობდა, რომ მისი მეგობრები თუ ნაცნობები პირს შეკრავდნენ მის წინააღმდეგ და რამე ცუდს დამართებდნენ. ერთხელ რუსომ გადაწყვიტა, რომ იმ სასახლის ბინადრები, რომელშიც მაშინ ცხოვრობდა, მას ადანაშაულებდნენ მოსამსახურის მოწამვლაში და ეჭვების გასაქარწყლებლად გვამის გაკვეთას მოითხოვდა.

ნაჩუქარი იდეები: აღმზრდელობითი რეფორმა. ბავშვთა აღზრის თანამედროვე მეთოდებიდან უმრავლესობა „ემილის“ ჩანართებს იმეორებს. დასჯის მეთოდის ნაცვლად რუსომ წახალისებისა და მოფერების ხერხი შესთავაზა მშობლებს. მას მიაჩნდა, რომ ბავშვებს მშრალი ფაქტები კი არ უნდა აზეპირებინონ, ცოცხალი მაგალითის საფუძველზე უნდა აუხსნან ყველაფერი და ასეთ შემთხვევაში შეითვისებს ახალგაზრდას გონება ცოდნას. აღზრის უმთავრეს მიზნად რუსოს პატარა პიროვნების შეცვლა კი არა, მასში ჩაბუდებული ტალანტის აღმოჩენა და გზაზე დაყენება მიაჩნდა. ახლებური ლიტერატურული გმირები და მიმდინარეობები. რუსოს ფანტაზიას ეკუთვნის დიდსულოვანი გმირი, მტირალა „ველური“, რომელიც გონების კი არა, გრძნობების კარნახით მოქმედებს და რომელსაც ხშირად მიმართავდნენ სენტიმენტალიზმისა და რომანტიზმის ეპოქაში. დემოკრატიული ხელისუფლების იდეა პირდაპირ გამომდინარეობს რუსოს „საზოგადოებრივი შეთანხმებიდან“. რევოლუციის იდეა (სწორედ რუსოს ნაშრომებმა შთააგონა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემოქმედნი. თავად რუსო კი, უცნაურია, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასეთი რადიკალური ზომების მომხრე).

 

პაციენტი #7: გი დე მოპასანი (ფრანგი მწერალი, 1850-1893წ.)

mopasan

 

 

დიაგნოზი: ტვინის პროგრესირებადი დამბლა.

სიმპტომები: იპოქონდრია, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ბოდვა, ჰალუცინაციები.

ავადმყოფობის ისტორია: გი დე მოპასანი მთელი ცხოვრება იპოქონდრიით იტანჯებოდა: ეშინოდა, რომ ოდესმე ჭკუიდან შეიშლებოდა. 1884 წლიდან მოპასანს ჰალუცინაციები და ნერვული შეტევები დაეწყო. უკიდურესი ნერვული აგზნებისას ორჯერ სცადა თავის მოკვლა (ერთხელ რევოლვერით, ერთხელ კი ფურცლის საჭრელი დანით – ორივეჯერ უშედეგოდ). 1891 წლიდან მწერალი ექიმ ბლანშის კლინიკაში მოათავსეს, სადაც დალია კიდეც სული ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში მყოფმა.

ნაჩუქარი იდეები: ფიზიოლოგიზმი და ნატურალიზმი (მათ შორის, ეროტიკული) ლიტერატურაში. მომხმარებელთა უსულგულო საზოგადოებასთან მუდმივი ბრძოლის იდეა („ლამაზი  მეგობარის“ თავისებურ ასლს წარმოადგენს თანამედროვე ფრანგი მწერლების, ფრედერიკ ბეგბედერისა და მიშელ უელბეკის ნაწარმოებთა ზოგი ნაწილი).

 

პაციენტი#8: ვირჯინია ვულფი (ინგლისელი მწერალი, 1882-1941წ.)

wolf

 

დიაგნოზი: დეპრესია, ჰალუცინაციები, კოშმარები.

სიმპტომები: ღრმა დეპრესიაში ყოფნისას ვირჯინია ჩიოდა, რომ გამუდმებით ჩაესმოდა საბერძნეთში ზეთისხილის ხეზე შემომსხდარი ჩიტების ხმიანობა. ხშირად და ხანგრძლივად ვერ ახერხებდა წერას უძილობისა და ღამის კოშმარების გამო. ბავშვობიდან იტანჯებოდა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების გამო.

ავადმყოფობის ისტორია: როცა ვირჯინია ცამეტი წლისა იყო, მასთან სტუმრად მყოფი ბიძაშვილებისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამან დაუდო სათავე მამაკაცებისადმი უნდობლობასა და მტრობას. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ პნევმონიამ უეცრად დედამისი შეიწირა. ნერვიულმა, ასეთი დარტყმისთვის მოუმზადებელმა გოგონამ თავის მოკვლა სცადა. გადაარჩინეს, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული, ღრმა და ხანგრძლივი დეპრესიები მისი ცხოვრების თანამდევი გახდა. ფსიქიკური აშლილობის მორიგი სასტიკი შეტევა 1904 წელს დაატყდა თავს, მამის გარდაცვალების შემდეგ. ვირჯინია ვულფის ემოციური, გულწრფელი წერილები და ნაწარმოებები მწერლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისკენ მიუთითებს, თუმცაღა ეს სულაც არაა ასე. ბავშვობაში გადატანილმა ტრაგედიამ მამაკაცთა საზოგადოებაზე გული აუცრუა. კაცთა მიმართ შიშის და მწარე მოგონებების გამო მან ქალები შეიყვარა – თუმცა მათთან ფიზიკური სიახლოვის ყველა ფორმას გაურბოდა, ჩახუტებისა და ხელის ჩამორთმევის ჩათვლით. 29 წლისამ ლეონარდ ვულფზე იქორწინა (და ეს ქორწინება სამაგალითოა მეუღლეებისათვის ერთმანეთისადმი გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით), მაგრამ ზოგიერთი ცნობით, მწერალი ისევ თავს არიდებდა მეუღლესთან ურთიერთობას. 1941 წლის დასაწყისში ლონდონის დაბომბვამ მისი სახლი გაანადგურა, ბიბლიოთეკა დაიწვა. იმ ღამეს კინაღამ საყვარელი ქმარიც შეეწირა. ყველაფერმა ამან საბოლოოდ მოუღო ბოლო მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ, მკურნალობა საავადმყოფოში გაეგრძელებინა. რადგანაც არ სურდა, რომ მისთვის უძვირფასეს ადამიანს, მის მეუღლეს ცხოვრების დარჩენილი დღეები ცოლის სიგიჟის გამო გაჩენილი პრობლემების მოგვარებაში გაეტარებინა, 1941 წლის 28 მარტს ვირჯინიამ აღასრულა ის, რაც არაერთხელ აღეწერა თავის ნაწარმოებებში და უამრავჯერ ეცადა განეხორციელებინა – მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი.

ნაჩუქარი იდეები: შინაგანი მდგომარეობის აღწერისას გამოყენებულმა ახლებურმა მეთოდებმა, გმირთა სულიერი სამყაროს ასახვის სტილმა, ცნობიერის ცვლილების გზის აღწერის ხერხებმა ვირჯინია ვულფის ნაწარმოებებს ლიტერატურული მოდერნიზმის „ოქროს ფონდში“ დაუდო ბინა. მისმა თანამედროვეებმაც მალევე აიტაცეს ვულფის აღმოჩენილი გზები. მან განავითარა და ინგლისურ პროზაში სრულყოფილებამდე მიიყვანა „შინაგანი მონოლოგი“.

წყარო:http://www.adme.ru/

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s