ბიბლიოთეკა, როგორც ასეთი…

Image

„ბიბლიოთეკარი“. სურათის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჯუზეპე არჩიმბოლდოს.

ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბერძნული ენის სილამაზეზე, სიუხვესა და მოქნილობაზე. იმისათვის, რომ სრულად შეიგრძნოთ ბერძნული ენის ეშხი და ლაზათი, ერთი ნებისმიერი ელინური სიტყვის გარჩევაც კმარა. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა ბიბლიოთეკა. როგორ ჟღერს? ხომ შესანიშნავად? ბიბლიოთეკა ბერძნული სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: ბიბლოს წიგნს აღნიშნავს, სიტყვის მეორე ნაწილი კი – საცავს. შესაბამისად, ბიბლიოთეკა წიგნების საცავი გამოდის. ანუ ადგილი, სადაც ბევრი წიგნია თავმოყრილი. ანუ საინტერესო ადგილი.

და ეს საინტერესო ადგილი ზოგჯერ მხოლოდ წიგნებით კი არა, კიდევ რაღაც უცნაურობით იპყრობს ყურადღებას და ორმაგად, სამმაგად და უამრავმაგად მიმზიდველი ჩანს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საინტერესო ბიბლიოთეკების ყველაზე სუბიექტურ, ყველაზე მიკერძოებულ ჩამონათვალს (ადგილები პირობითია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება).

1. ქრონოლოგიური და ანბანური დამსახურების გამო, თქვენ წინაშე პირველად ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წარდგება. ბიბლიოთეკის შექმნის დროზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის შეიქმნა პტოლემეუს პირველის ზეობისას, არისტოტელეს ერთ-ერთი მოწაფის, დემეტრიუსის მიერ. მეორე ვერსიას მეორე პტოლემეუსს უკავშირებს ბიბლიოთეკის დაარსებას. გარდა იმისა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ბიბლიოთეკაა, იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი განადგურების ვერსიები ბევრად აღემატება დაარსების შესახებ არსებულ განსხვავებული აზრების რაოდენობას. რას აღარ ამბობენ: ხან ვითომ იულიუს კეისარმა გაანადგურა, ხან იმპერატორ ავრელიანეს აბრალებენ, ხან ეგვიპტის დამპყრობ მუსლიმებს. ენას ძვალი არ აქვს და კულუარებში იმასაც ჩურჩულებენ, იმპერატორ თეოდოსიუსის დეკრეტს შეეწირაო. ასეა თუ ისე, თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ხანძარმა შთანთქა და განადგურდა.

თუმცა ეს დასასრული როდი იყო. 2003 წელს, ხანძრისგან დასაზღვევად, პირდაპირ წყლის პირას გახსნეს ალექსანდრიის ახალი ბიბლიოთეკა. მის ფასადზე სხვადასხვა დამწერლობის სიმბოლოებია გამოსახული. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ აქ ქართული ასოც გვხვდება. ფასადის დიზაინერებმა ჩვენებური რბილი „ლ“ მოისმინეს თუ რისი ბრალია, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ქართული ანბანიდან ლასის შემჩნევა კი ნამდვილად შესაძლებელია. აგერ, თუ არ გჯერათ:

Image      აი, ასე აღდგა ის ფერფლიდან, ვითარცა ფენიქსი.

2. ბიბლიოთეკარის და ბიბლიოთეკის დირექტორის თვალით დანახული წიგნთსაცავი ერთობ განსხვავებული და საინტერესო უნდა იყოს. ამიტომაც შემდეგ ღირსშესანიშნაობად ნაბიბლიოთეკარ-ნადირექტორალის, ხორხე ლუის ბორხესის თითქმის უსასრულო, ბაბილონურ ბიბლიოთეკას წარმოგიდგენთ. იგი პატივცემული არგენტინელის წარმოსახვაში შეიქმნა და დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს არის უზარმაზარი, ფუტკრის ფიჭის მსგავსად, ექვსკუთხა განყოფილებებით აგებული შენობა, რომელშიც რას არ იხილავთ, სულო და გულო: აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც ოდესმე შექმნილა, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო, რაც იქმნება და ისიც, რაც მომავალში უნდა შეიქმნას. საქმე იმაშია, რომ წიგნები აგებულია 22 ასო-ნიშანისა და სამი ძირითადი სიმბოლოს – წერტილის, მძიმისა და გამოტოვების შემთხვევითი კომბინაციებით. ახლა, თუ ღონე და კომბინატორიკის ცოდნა გერჩით, დათვალეთ, რამდენი განსხვავებული ვარიანტი შეიძლება გამოვიდეს და მიხვდებით, რატომაც ვუწოდე ამ ბიბლიოთეკას თითქმის უსასრულო.

Image

3. ფლორიდის ნახევარკუნძულზე ზაფხულობით ძალიან ცხელა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მცირე ხნის წინ აქ შეიქმნა ბიბლიოთეკა… ნუდისტებისთვის. მართლაცდა, საცოდაობა არაა შუა ზაფხულში ტანსაცმლიანი და ოფლში გაწურული იჯდე ბიბლიოთეკაში და წიგნს კითხულობდე? ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად 1979 წელს ჩამოყალიბდა კისიმის ბიბლიოთეკა, სადაც ტიტველი შესვლა სულაც არ ითვლება სირცხვილად. ბიბლიოთეკის შემქმნელებს ღვაწლი 2004 წელს დაუფასდათ და მათი პირმშო იგნობელის (გინა შნობელის) პრესტიჟული პრემიის ლაურეატიც გახდა. ეთიკური მოსაზრებების გამო ამ ბიბლიოთეკის ფოტოს დადებას არ ვაპირებდით, მაგრამ ურიცხვი მკითხველის მოთხოვნას (დანიიდანაც დარეკეს) უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

Image

4. მკითხველებს ბიბლიოთეკაში ყოფნა მასში შექმნილი მაგიური გარემოს გამო უყვართ. ამ ბიბლიოთეკაში შექმნილ ატმოსფეროს კი შეგვიძლია მკითხველთათვის იდეალურიც კი ვუწოდოთ, რადგან ზედმიწევნით მაგიურია. ჯერ მარტო შიდა განყოფილებათა დასახელებებს რომ გადაავლოთ თვალი: აქეთ უჩინმაჩინობის სექციაო, იქით დრაკონთაო, და ყველაზე დამაინტერესებელი სახელის მქონე – აკრძალული განყოფილება. სწორად მიმიხვდით, საუბარი მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის ბიბლიოთეკაზეა, სადაც შეიძლება ყველაზე უჩვეულო წიგნების მოძიება ათასნაირი მაიმუნობისათვის. ეს ბიბლიოთეკა რომ არა, ვინ იცის, გაიგებდა კი როდისმე ტომას რიდლი ჰორკრუქსებზე ან ჰარი პოტერი ნიკოლას ფლამელზე? გადახდებოდათ თუ არა მათ ის უჩვეულო თავგადასავლები, რომლის წაკითხვაც აღგვაფრთოვანებს? ამ ბიბლიოთეკას სრულიად დამსახურებული ადგილი ერგო ჩვენი უჩვეულო ბიბლიოთეკების სიაში.

Image

5. ძალზე საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო ბერლინის მკვიდრმა კონრად კუტმა, რითაც ერთდროულად გადაჭრა ორი პრობლემა: სად წაეღოთ ძველი წიგნები და რაში გამოეყენებინათ ეულად მიტოვებული სატელეფონო ჯიხურები. ადგა და ამ ძველ ჯიხურებში მინი-ბიბლიოთეკები მოაწყო. პროექტის ავტორის განცხადებით, ამ იდეით მას სურდა დახმარებოდა წიგნებს პლანშეტებთან და ე-ბუკებთან არათანაბარ ბრძოლაში და ბერლინელთათვის ნაბეჭდი წიგნები უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. ღამით კითხვის მოყვარულთათვისაც იზრუნა პროექტმა „ბუხერბოქსმა“ და ჯიხურები მზის ბატარეებით გაანათა. ამ პატარა ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის „ბუქკროსინგის“ მარტივი წესი უნდა დაიცვათ: შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი წიგნი, მაგრამ სამაგიეროდ თქვენც უნდა მოიტანოთ ისეთი წიგნი, რომელიც  წაიკითხეთ, აღარ გჭირდებათ ანდა გსურთ სხვას გაუზიაროთ.

Image

6. ბერლინის მინი-ბიბლიოთეკისგან აბსოლუტურად განსხვავებულია უზარმაზარი, პირქუში და საიდუმლოებით მოცული ბიბლიოთეკა-ლაბირინთი, რომელშიც წიგნების კითხვის გარდა, ხალხის ხოცვაც არ ყოფილა უცხო საქმე. წარმოგიდგენთ ბორხესის უსასრულო ბიბლიოთეკით შთაგონებული უმბერტო ეკოს მისტიურ წიგნთსაცავს, გრძელი ტალანებით დასერილსა და ბნელი ამბებით დამძიმებულს. სულაც არაა შემთხვევითი, რომ ეკოს ბიბლიოთეკარს ხორხე ჰქვია. ამ ხერხით მიაგო პატივი თავისი შთამაგონებლის ხსოვნას იტალიელმა. თავად ბიბლიოთეკაში განვითარებულ მოვლენებზე სიამოვნებით გიამბობდით, მაგრამ ეს უკვე გააკეთა ბატონმა უმბერტომ, თანაც, შესანიშნავად, ამიტომ მხოლოდ ისღა დამრჩენია, ამ წიგნის წაკითხვა გირჩიოთ.

Image

7. ლუის სორიანო ბალღობიდან კოლუმბიის ერთ-ერთი მივარდნილ სოფელში ცხოვრობდა. აქვე ეზიარა წიგნის სიყვარულსაც. ეზიარა და ვეღარც დააღწია თავი. ერთი ეს იყო, გარშემო წიგნი წამლადაც არ იშოვებოდა, ბიბლიოთეკაზე ხომ ლაპარაკიც არაა. წიგნისა და თვის მოყვასთა მიერ სიყვარულით შეპყრობილმა ლუისმა ჭკუას ძალა დაატანა და თავისი ორი ერთგული მეგობრის, ორი სახედრის – ალფასა და ბეტოს დახმარებით მოძრავი ბიბლიოთეკა, „ბიბლიობურო“ შექმნა. იმისათვის, რომ ახლომახლო სოფლებში წიგნიერება გაავრცელოს, ლუის სორიანო და წიგნიერი ვირები ძვირფას ტვირთს დაატარებენ და მსურველებს წასაკითხად უტოვებენ. ასეა, როცა ადამიანში სიკეთის ჩირაღდანი აენთება, კოლუმბიის თავსხმა წვიმებიც ვეღარ ჩააქრობს მას.

Image

8. თუკი ოდესმე ბრტყელი სამყაროს უხილავ უნივერსიტეტში ჩაბარებას მოახერხებთ, გახსოვდეთ, რომ მაღალი ქულის მისაღებად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობაა საჭირო. თუ გინდათ რომ ბიბლიოთეკარის დახმარების იმედი გქონდეთ, მეგობრული რჩევაა, მოიმარაგოთ ბევრი ბანანი. რატომ ბანანი და იმიტომ, რომ ბიბლიოთეკარი ორანგუტანია. არც ისე ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც ბანანის მოყვარული ორანგუტანი, რომელიც ერთ დროს ადამიანი ყოფილა, მაგრამ შელოცვამ მაიმუნად აქცია. შემდეგ კი შესთავაზეს ისევ შელოცვის გზით ადამიანის სახის დაბრუნება, მაგრამ სასტიკი უარის ნიშნად თავი გადაიქნია და მიზეზიც გაამხილა, იმისათვის რომ ადამიანად ვიქცე, ჩემი სახელი უნდა ახსოვდეს ვინმესო, და რაკი არავინ გამოჩნდა ასეთი, ორანგუტანად დარჩა. მოკლედ, მაიმუნია და გუნება, რას გაუგებ?!

Image

9. ბოლო გემრიელ ლუკმად მსოფლიოს ყველაზე შიშისმომგვრელი, დამზაფრავი და გამაოგნებელი ბიბლიოთეკა მქონდა შემონახული. ბიბლიოთეკა, რომლის კედლებშიც იმდენი ცრემლი დაღვრილა, გოდების კედელი იმასთან რა მოსატანია; ბიბლიოთეკა, რომელსაც უამრავი დასაღუპად მიმავალი, მაგრამ მაინც იმედით აღვსილი ახალგაზრდა უნახავს; ბიბლიოთეკა, რომელშიც მძიმე ტვირთით დამაშვრალ შემსვლელებს თავის აწევის და მიხედვ-მოხედვის უფლებაც კი არ აქვთ. მაგრამ რადგანაც მემატიანემ ამ მივარდნილ ადგილზე ბევრი არაფერი შემოგვინახა, ფოტოც კი, მხოლოდ მის სახელს მოგახსენებთ, რომ გაფრთხილდეთ და ახლოსაც არ გაეკაროთ – მაღლივის ბიბლიოთეკა. თსუ-ის სტუდენტებო, გამხნევდით და მტკიცედ იდექით, მუდამ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, გამოცდების პერიოდშიც კი.

თუკი რომელიმე ბიბლიოთეკა გამომრჩა, იმედი მაქვს, თქვენ შემახსენებთ.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s